ჩინეთმა საელჩოებს მოუწოდა, პეკინში უკრაინის მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნან
ჩინეთმა პეკინში უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები "პოლიტიკური პროპაგანდისთვის", რაც აშკარად გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ბანერებს. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Kyodo აღნიშნავს, რომ პეკინში ბევრ საელჩოს, უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად, უკრაინის დროშის გამოსახულებებით და წარწერებით ბანერები აქვს ჩინურ და ინგლისურ ენაზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინება საელჩოებს მოუწოდებდა არ გამოეყენებინათ შენობების გარე კედლები პროპაგანდისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები "ვალდებულნი არიან დაიცვან ჩინეთის კანონები და რეგულაციები", თუმცა პეკინი პატივს სცემს ვენის კონვენციით დაცულ დიპლომატიურ იმუნიტეტს.
სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები.
Kyodo-ს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, ევროპელმა დიპლომატმა, გააკრიტიკა ჩინეთის პოზიცია და განაცხადა, რომ ისინი არ შეასრულებენ ამ თხოვნას.