ჩრდ. კორეამ მესამე ზებგერითი რაკეტა გამოცადა
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის თანახმად, ქვეყანამ მესამე ზებგერითი რაკეტა გამოცადა.
მედიის ინფორმაციით, რაკეტა გასროლის წერტილიდან 1000 კმ-ში, ზღვაში აფეთქდა.
„ქვეყნის სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობა როგორც თვისებრივად, ისე რაოდენობრივად გაიზარდა“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა.
პირველად ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტიპის რაკეტა 2021 წლის სექტემბერში გამოიყენა.
სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა რაკეტის ტექნოლოგია „მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“.
რაკეტის გამოცდა დაგმო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მთავრობას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაში სდებს ბრალს.
ბალისტიკური რაკეტისგან განსხვავებით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ტრაექტორიით - პარაბოლაზე - მოძრაობს, ზებგერით რაკეტას დედამიწის ზედაპირთან ახლოს ფრენა შეუძლია და სამიზნე წერტილს უფრო სწრაფად აღწევს, რაც მისი ანტისარაკეტო დანადგარით გაუვნებელყოფას უფრო რთულს ხდის.
ზებგერით რაკეტას 6200 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია, რაც ბგერის გავრცელების სიჩქარეს ხუთჯერ აღემატება. რაკეტით შესაძლებელია როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული ქობინის გადატანა.
აქამდე ზებგერითი რაკეტის ტექნოლოგიის განვითარებაზე მხოლოდ აშშ და ჩინეთი მუშაობდნენ.