ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის "უპრეცედენტო" სარკინიგზო მიმოსვლაა - Politico
ფხენიანი შესაძლოა მოსკოვს უკრაინასთან ომში ეხმარებოდეს. ამის შესახებ რუსეთთან საზღვარზე მდებარე ტუმანგანგის სარკინიგზო ნაგებობის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით Politico წერს.
ორგანიზაცია Beyond Parallel-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ბრეზენტების ფართო გამოყენება" შეუძლებელს ხდის იმის დადასტურებას, მიაწოდა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები, "სატვირთო ვაგონების უპრეცედენტო რაოდენობა" და სარკინიგზო მიმოსვლის დონე, ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი შეხვედრების ფონზე, ამას ადასტურებს.
ბოლო დროს მიმოსვლა "ბევრად დიდი" იყო, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის Covid-19-მდე.
გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ორი ქვეყნის ლიდერის მაღალი დონის შეხვედრიდან ხუთი დღის შემდეგ, სატელიტურ სურათებზე სატვირთო ვაგონების რაოდენობის "ეტაპობრივი, მაგრამ სტაბილური ზრდა" დაფიქსირდა, რაც 5 ოქტომბერს 73 ვაგონმდე - "უპრეცედენტო" რაოდენობამდე მივიდა.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CBS News-ს ამ კვირის დასაწყისში დაუდასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში საარტილერიო ჭურვების გაგზავნა დაიწყო.