CIA-ს დირექტორი: ჩინეთი რუსეთის ომის გამო უკმაყოფილოა
ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი უკმაყოფილოა რუსეთის ომით უკრაინაში, რომელმაც აჩვენა ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობის ლიმიტები და ამავდროულად გაამყარა დასავლეთის კავშირი.
ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA-ს] დირექტორმა, უილიამ ბერნსმა Financial Times-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ბერნსის თქმით, კონფლიქტის პირველი კვირები ოფიციალური პეკინისთვის მოულოდნელად და ნაკლებად სასურველი სცენარით განვითარდა და ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახალხო რესპუბლიკის კალკულაციებზე ტაივანის საკითხის გადაჭრის კუთხით.
"ჩვენთვის გასაკვირია, რომ სი ძინფინგი მცირედით უკმაყოფილოა, იმ ზიანით რაც რუსეთთან და მის მიერ ჩადენილ სისასტიკეებთან ასოცირებამ შესაძლოა ჩინეთს მიაყენოს. ის ასევე, უკმაყოფილოა იმ ეკონომიკური ბუნდოვანებით და გამოწვევებით, რაც ამ ომის შედეგად წარმოიქმნა",- ამბობს ბერნსი.
CIA-ის დირექტორის თქმით, ჩინეთის ლიდერის მთავარი სწრაფვა ის იყო, რომ ვითარება პროგნოზირებადი და სტაბილური ყოფილიყო. ბერნსი ამბობს იმასაც, რომ ჩინეთში შფოთავენ დასავლეთის ხელახალ დაახლოებაზე. მისი თქმით, ჩინეთში ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, რათა ეს გამოცდილება ტაივანის საკითხთან დაკავშირებით გამოიყენონ.
"არ მჯერა, რომ მომხდარმა სი ძინფინს გადააფიქრებინა - დროთა განმავლობაში კონტროლი დაამყარება, მაგრამ მომხდარი ნამდვილად შეცვლის მის კალკულაციებს",- თქვა ბერნსმა.
აშშ-ს მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისთვის მთავარი სტრატეგიული საფრთხე მომდევნო წლებში სწორედ ჩინეთისგან მოდის, არ მოხდეს ვლადიმირ პუტინისგან მომავალი საფრთხის მასშტაბის დამცრობა.
"ისტორიული დაღმასვლის ფაზაში მყოფი სახელმწიფოები შესაძლოა ისეთივე საფრთხის მატარებლები იყვნენ, რამდენად ისტორიულად აღმასვლის ფაზაში მყოფი ქვეყნები".
ბილ ბერნსი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული სადაზვერვო დახმარების შესახებაც. ამ დახმარების შესახებ პრესაში გამოჟინილი ცნობებით ღია უკმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
პრეზიდენტს მხარი დაუჭირა ბერნსმა და თქვა, რომ ეს კონტრ-პროდუქტიულია და ამასთანავე არ ღირს უკრაინის სადაზვერვო შესაძლებლობების დამცრობა - "ეს მათი ქვეყანაა, მათ ჩვენზე გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვს".