წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ გამოაქვეყნა.
ეს აშშ-ის ეკონომიკისთვის ზრდის ზედიზედ მეორე კვარტალია, გასული წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პარალელურად მკვეთრად შემცირდა ადამიანების რიცხვი, რომელთაც უმუშევრობის კომპენსაციის მოთხოვნა შეავსეს.
ამ მიმართულებით კომპენსაციის მომთხოვნი ადამიანების რიცხვი მცირდება ზედიზედ მეორე კვირა.
ეკონომიკური ზრდის ნომინალური მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში 10.7%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით ზრდის მაჩვენებელმა 6.4% შეადგინა.
პირველ კვარტალში საშუალოდ 59%-ით, ჯამურად 2.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა პერსონალური შემოსავალი. სავარაუდოა, რომ ეკონომიკის მკვეთრი ზრდა ფედერალური მთავრობის მიერ მიღებულ ეკონომიკური სტიმულირების მასშტაბურ პაკეტს უკავშირდება.