WaPo: რუსეთის ეკონომიკა 2026 წელს შესაძლოა მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს
სანავთობო სექტორისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების და ჭარბი კორპორატიული დავალიანების ფონზე რუსეთის ეკონომიკა 2026 წელს შესაძლოა მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს - მათ შორის საუბარია საბანკო კრიზისზე და ბიუჯეტის მზარდ დეფიციტზე.
- "შესაძლებელია საბანკო კრიზისი, შესაძლებელია გადახდისუნარიანობის კრიზისი, ომის გაგრძელებაზე ფიქრიც კი არ მინდა"- ამბობს გაზეთთან საუბარში რუსი მაღალჩინოსანი.
ჩაშლილად: ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები და ნავთობის დაბალი ფასი რუსეთს ბიუჯეტს დეფიციტის მკვეთრი ზრდის საფრთხეს უქმნის.
- Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე თვეში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით შემცირდება.
- ბოლო მონაცემებით რუსეთის მთავარი საექსპორტო მარკის URALS-ის ფასი 35 დოლარამდე დაეცა, რაც გაცილებით ჩამორჩება ბიუჯეტის გეგმის საბაზისო პროგზნოზს - 69 დოლარს ბარელზე.
- ეს ყველაფერი ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდის წინაპირობას წარმოადგენს, მით უფრო იმ ფონზე, რომ თავდაცვის ხარჯებმა მიმდინარე წლის 3 კვარტალში უკვე გადააჭარბა 150 მილიარდ დოლარს.
სტრიქონებს შორის: სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზრდილი სამხედრო ხარჯები სწრაფი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდა, თუმცა ეკონომიკის გაციების პარალელურად მცირდება ინვესტიციები და იზრდება გაფუჭებული კორპორატიული სესხების მოცულობა.
- "რუსეთის ეკონომიკა სარგებლობდა რამდენიმე ფაქტორით: ნავთობის მაღალი ფასით და სახელმწიფოს ხარჯვით გამოწვეული ბუმით, თუმცა ამ ფაქტორების უმრავლესობა დღეს გამქრალია, სწორედ ეს არის მიზეზი რატომაც რუსეთი უფრო ცუდ ვითარებაშია, ვიდრე აქამდე"- ამბობს გაზეთთან საუბარში ეკონომისტი, იანის კლუგე.
- ასევე მწვავე პრობლემას წარმოადგენს გაფუჭებული კორპორატიული სესხების მოცულობა - ოფიციალური მონაცემებით ასეთი სესხების წილი 5%-ს არ აღემატება, თუმცა ეს არ მოიცავს შეიარაღების მწარმოებელ კომპანიებს, სადაც უფრო მსუბუქი რეგულაციები მოქმედებს.
- ჯამურად იარაღის მწარმოებლებზე გაცემული კრედიტები 202 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც რუბლში გაცემული ჯამური სესხების მეოთხედს აღემატება.
- შესაძლო საბანკო კრიზისთან დაკავშირებით რუსი ფინანსისტები საჯაროდაც საუბრობენ - გასულ კვირებში რუსეთის მრეწველთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ შოკინმა განაცხადა, რომ ბევრი კომპანია "პრე-დეფოლტურ" მდგომარეობაშია.
დიდი სურათი: ეკონომიკაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს მოთხოვნის შემცირებაც, რომელიც ბოლო მონაცემებით ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორს შეეხო.
- სხვადასხვა კომპანიების ფინანსური სირთულეები პირდაპირ აისახა დასაქმებულებზე - გასულ თვეებში 34 მსხვილი საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ, რომლებიც აცხადებნენ, რომ ხელფასი 2 თვეა არ აუღიათ.
კონტექსტი: ეკონომიკური პრობლემების ზრდის მიუხედავად გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ კრემლის ელიტაში არავინ ელოდება ფართე სოციალურ უკმაყოფილებას და ეს არ შეცვლის პუტინის გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით.
- "ეკონომიკური პრობლემების ზრდა არ გადაიზრდება სოციალურ ან პოლიტიკურ პრობლემებში, მაგრამ მომდევნო წელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველი რთული წელი იქნება"- ამბობს გაზეთის ერთ-ერთი წყარო.