CNN: დასავლეთი რუსეთისთვის სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას დღესვე აპირებს

 

CNN-ის ინფორმაციით, აშშ და დასავლელი მოკავშირეები რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხო "სრულმასშტაბიან" სანქციებს დღეს გამოაცხადებენ.

24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შესახებ დაგმო და აგრესიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

"მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს", - განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის თანახმად, აშშ-ს ლიდერი "დიდი შვიდიანის" და ნატოს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან სანქციების კოორდინირების თაობაზე კონსულტაციებს გადის.

დასავლეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სანქციების "მასშტაბურ" პაკეტზე საუბრობდნენ, რომელიც კრემლს უკრაინაში მასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში დაუწესდებოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა კიევისთვის საერთაშორისო დახმარების მზადება დაიწყო.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

ოდესაში და აზოვის ზღვის სანაპიროზე რუსეთის ფლოტმა სადესანტო ოპერაციები დაიწყო. 

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები