დანილოვი: ამ ომის შედეგი რუსეთის დეკოლონიზაცია იქნება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი აგრესორი სახელმწიფოს დეკოლონიზაცია იქნება. ეს მოსაზრება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა 27 ივლისს ტელემარათონის ეთერში გამოთქვა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსეთის ფედერაციაში ფარული მობილიზაციის თემაზე კომენტარი გააკეთა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში კამპანია მიმდინარეობს ლოზუნგით "ფედერაციის თითოეული სუბიექტიდან ერთი ბატალიონი".

"მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ არ არსებობს მოხალისეთა ბატალიონი "მოსკოვი" ან "პეტერბურგი" და ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებობდეს. და ქაღალდზეც რომ იყვნენ, იქნებიან იაკუტები, ჩუვაშები, იქნებიან ის ხალხი, ვინც მათ თავის დროზე დაიპყრეს და აქტუალური ხდება რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციის საკითხი. და ჩვენ ვუყურებთ ამას. რადგან ამ ომის შედეგი იქნება რუსეთის დეკოლონიზაცია. ის დაკარგავს იმ კოლონიებს, რომლებიც თავის დროზე დაიპყრო, მთელი ხალხების კოლონიზაცია მოახდინა, ენა და ისტორია წაართვა. და ამას აკეთებს წლების და წლების განმავლობაში. ამ თავხედური ომის შედეგად, რომელიც მან ჩვენს ტერიტორიაზე გააჩაღა, ის ამ ყველაფერს დაკარგავს", - განაცხადა დანილოვმა.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთში მცხოვრები მკვიდრი ხალხების კონფერენციებზე, რომლებიც იმართება მსოფლიოში.

დანილოვის თქმით, მსგავსი კონფერენციები ბოლო თვეებში იმართება ვაშინგტონში, ვარშავასა და პრაღაში.

"თავისუფალი ხალხი იკრიბება იქ და ისინი უკვე ხაზავენ რუკას, თუ როგორ დაიცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას, დაiბრუნებენ რუსეთის ფედერაციის მიერ კოლონიზებულ ტერიტორიებს", - დასძინა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მსგავსი სიახლეები