დანილოვი: რუსებმა გადაწყვიტეს აღდგომამდე აიღონ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ შეცვალა ის ამოცანები, რომლებიც მან თავის ჯარს ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე დაუსახა, მათ შორის, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურების ამოცანა, თქვა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა. 

"ჩვენს მოსახლეობას არ ვამშვიდებ და არ ვიტყვი, რომ ომის საკითხი უკვე მოგვარებულია, შეცდომა იქნება ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ ეს ომი. ომი გრძელდება. რთული იქნება, მარტივი არ იქნება... პუტინი არ ცვლის მიზანს, როგორც სახელმწიფოს განადგურებას, ასევე ჩვენი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურებას. ის ამოცანები, რომლებიც მან 22-24 თებერვალს დასახა, როცა ეს "ოპერაცია" წამოიწყეს, არ შეცვლილა", - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ ოკუპანტების კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, სუმის რაიონებიდან განდევნა "მხოლოდ დასაწყისია".

"არა მხოლოდ 1 მაისს ან 9 მაისს... ისინი უკვე სახავენ ამოცანას, აღდგომამდე აიღონ დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი ან მთლიანად და გაუკეთონ ასეთი საჩუქარი თავიანთ ფიურერს. თუმცა არ ვიცი, ღმერთთან როგორი ურთიერთობა აქვთ", - თქვა დანილოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა რუსებმა წარმატებას მიაღწიონ.

"ჩვენი ჯარი დგას, იცავს თავს და საჭიროების შემთხვევაში გადადის კონტრშეტევაზე... ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას", - განაცხადა მან.

დანილოვმა ასევე მიმართა უკრაინელებს, რომ ევაკუაცია მოახდინონ იმ რეგიონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან შეიძლება დაიწყოს.

აღდგომა 2022 წელს 24 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ზუსტად ორი თვე სრულდება უკრაინაში რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

მსგავსი სიახლეები