დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სპეცოპერაციისას მოკლულია 9 პალესტინელი

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინის მიგრნატთა ბანაკში ისრაელის სპეცდანაყოფებსა და ისლამური ჯიჰადის მებრძოლებს შორის შეტაკებას 9 პალესტინელი ემსხვერპლა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Axios ავრცელებს

ისრაელის ინფორმაციით, სპეციალური დანაყოფები ჯენინის მიგრანტთა ბანაკში ისლამური ჯიჰადის მებრძოლების დაპატიმრების სპეცოპერაციას ატარებდა. ოპერაციას წინ უძღოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბანაკში მყოფი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრები ეთნიკური ებრაელების წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებდნენ.

ისრაელელი სამხედროები ბანაკში ფარულად, სურსათის გადამზიდი სატვირთოებით შევიდნენ. სამხედროების მიახლოებას ისლამური ჯიჰადის მებრძოლთა ადგილსამყოფელთან ცეცხლის გახსნა მოყვა.

ჯერჯერობით უცნობია, მოკლულ 9 პალესტინელს შორის რამდენი იყო ისლამური ჯიჰადის წევრი, პალესტინელების ინფორმაციით დაღუპულებს შორის არის 60 წლის ქალიც. 

ისრაელის ცნობით, მოკლულია ისლამური ჯიჰადის 3 მებრძოლი. თავის მხრივ ჰამასი აცხადებს, რომ 9 მოკლულიდან 4 მათი მებრძოლი იყო. სხვადასხვა ცნობებით დაჭრილია 20 პალესტინელი. 

მომხდარს ისრაელის მიერ მოწყობილი სასაკლაო უწოდა პალესტინური ადმინისტრაციის ლიდერის პრესსამსახურმა. 

კონტექსტი

მიმდინარე წელს ისრაელის მიერ ჩატარებულ სპეცოპარაციებს ჯამურად 28 პალესტინელი ემსხვერპლა. გასულ წელს ებრაელებზე გახშირებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელის სპეცსამსახურები დასავლეთ ნაპირზე შესამჩნევად გააქტიურდნენ. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მზად არიან ღაზას სექტორიდან სარაკეტო დაბომვბისთვის. 

მსგავსი სიახლეები