დასავლეთი: ბირთვულ მოლაპარაკებებზე ირანის წინადადებები ‘არასერიოზულია’

 

ირანის ბირთვული ხელშეკრულების წევრი სამი დასავლური სახელმწიფო - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი - აცხადებენ, რომ ვენაში მოლაპარაკებების დროს ირანის მიერ წამოყენებული წინადადებებს „სერიოზულად ვერ განიხილავენ“.

გასულ კვირას მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ირანის დელეგაციამ ბირთვული შეთანხმების აღსადგენად დასავლეთს ახალი პირობები წაუყენა, რომლებიც ირანისთვის დაწესებული სანქციების სრულად მოხსნას ითვალისწინებს.

დასავლელი მომლაპარაკებლების თქმით, ირანის დელეგაციის ახლანდელი შეთავაზებები გაცილებით უფრო „რადიკალურია“, ვიდრე ის ზომები, რასაც გასული წლის ივნისში პრეზიდენტ როუჰანის მთავრობასთან მიღწეული კომპრომისი გულისხმობდა.

„ირანი თითქმის ყველა დათმობაზე უარს აცხადებს და ხელშეკრულების ტექსტში არსებითი ცვლილებების შეტანას ითხოვს“, - აცხადებს დასავლური ქვეყნების ტრიო.

ვენაში 29 ნოემბერს განახლებულ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

 


2015 წელს დადებული ხელშეკრულება ირანში ბირთვული ენერგეტიკის სამხედრო მიზნებით გამოყენების შეზღუდვას ისახავდა მიზნად - თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

შეთანხმება 2018 წელს აშშ-მ დატოვა, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

ხელშეკრულების სხვა მხარეებს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და საკუთრივ ირანი წარმოადგენენ.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ირანი ურანის 90%-მდე გამდიდრებას აპირებს, რაც მას ბირთვული იარაღის წარმოების საშუალებას მისცემს.

 

 

მსგავსი სიახლეები