დასავლეთმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის რეჟიმის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს ადამიანის უფლებების დარღვევისა და მიგრანტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების გამო.
„მხარს ვუჭერთ ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ხოლო რეჟიმს, რომელიც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ავიწროებს, ფასის გადახდა მოუწევს“, - წერია დასავლური ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.
„სანქციები ლუკაშენკას რეჟიმს მიგრანტების ექსპლუატაციის და ევროკავშირის ქვეყნებში ტრეფიკინგის წაქეზების გამო დაუწესდა“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ახალი შეზღუდვები ოც ბელარუს ჩინოვნიკზე და თორმეტ სამთავრობო უწყებასა და კომპანიაზე გავრცელდება.
მინსკმა საპასუხო განცხადებაში სანქციებს „აბსურდული“ უწოდა და დასავლეთს „უხეში და ასიმეტრიული“ ზომების მიღებით დაემუქრა.
დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს ერთობლივი სანქციები მანამდე ივნისში, ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო დაუწესეს.
ბოლო თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ათასობით მიგრანტი პოლონეთის საზღვართან იყო დაბანაკებული და ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა.
ბრიუსელი და ვარშავა აცხადებენ, რომ ლუკაშენკა ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიგრანტების საკითხით მანიპულირებას ეწევა.