დასავლეთმა მიანმარის ხუნტას ახალი სანქციები დაუწესა

 

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის მმართველ სამხედრო ხუნტის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა ქვეყნის ყოფილი ლიდერის, აუნ სან სუ ჩის პოლიტიკური დევნის გამო.

სანქციები მიანმარის მთავარ პროკურორზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე და ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელზე გავრცელდება.

სამხრეთ აზიის ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება ზუსტად ერთი წლის წინ, 1 თებერვალს მოხდა.

მიანმარელმა გენერლებმა სამოქალაქო ხელისუფლება დაამხეს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი აუნ სან სუ ჩი კი დააპატიმრეს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყოფილ ლაურეატს ჯამში ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

76 წლის ლიდერი მიანმარის ხუნტამ „პორტატული რაციების უკანონოდ იმპორტსა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევაში“ ცნო დამნაშავედ.

 


ფოკუსში: ვინ არის აუნ სან სუ ჩი?

მიანმარის დამხობილი ლიდერი აუნ სან სუ ჩი ბირმის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ აუნ სანის შვილია.

აუნ სან სუ ჩიმ ახალგაზრდობა აშშ-სა და ინგლისში გაატარა. 1988 წელს სან სუ ჩი მიანმარში იმ დროს ბრუნდება, როცა ქვეყანაში გენერალ ნე ვინის 26 წლიანი სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. სან სუ ჩი დემოკრატიულ პროტესტს შეუერთდა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა - დემოკრატიის ეროვნული ლიგა - დააფუძნა.

1989 წელს მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს. აუნ სან სუ ჩიმ შინაპატიმრობაში სულ 15 წელი დაჰყო.

1991 წელს მას „დემოკრატიისთვის არაძალადობრივი ფორმებით ბრძოლისთვის“ მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს. სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ მალევე, მალე ქვეყანა ახალმა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.

2015 წლის არჩევნებში ყოფილმა დისიდენტმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა სამხედროებთან მოლაპარაკება და მათთვის ძალაუფლების გადანაწილება მოუწია.

სან სუ ჩის მმართველობა წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. 2017 წელს მიანმარის არმიამ მიანმარის მუსლიმი ეთნიკური უმცირესობის, როჰინგიების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო.

მრავალმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მიანმარის ლიდერი „ეთნიკური წმენდის და გენოციდის შესაძლო შემთხვევებზე“ თვალის დახუჭვაში დაადანაშაულა.

2021 წლის 1 თებერვალს მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა სან სუ ჩის მთავრობა დაამხეს.

 

მსგავსი სიახლეები