დასავლეთთან მეგობრობის გამყარება გვსურს - რას წერს ყაზახეთის პრეზიდენტი სტატიაში
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ-ტოკაევმა ამერიკული გამოცემა National Interests-ისთვის მის ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე სტატია დაწერა.
"პოსტ-საბჭოთა სივრცეში განვითარებული მოვლენები ბევრ გამოწვევას ქმნის, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ჩვენ წინსვლას",- წერს ტოკაევი.
ყაზახეთის პრეზიდენტი სტატიას რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრით იწყებს და ამბობს, რომ ეს ევროპის კონტინენტზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ყველაზე მსხვილი ტრაგედიაა.
ტოკაევი მალევე გადადის ყაზახეთში წლის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე და ამბობს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა იანვრის ჭრილობები, თუმცა "პროცესში მიღებული გაკვეთილები არასდროს იქნება დავიწყებული".
ტოკაევი მალევე უბრუნდება რუსეთ-უკრაინის ომს და წერს:
"რუსეთსა და ყაზახეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სასაზღვრო ზოლი აქვთ, აქედან გამომდინარე ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები და თანამშრომლობა აკავშირებთ. ამავდროულად ჩვენ ასევე ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები გვაქ უკრაინასთან და ჩვენ პატივს ვცემთ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მსოფლიოს სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა".
ყაზახეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ "კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად გადაწყდება გაერთიანებული ერების წესდებასთან შესაბამისად".
რეგიონის მკვლევარების აზრით ტოკაევის აღნიშნული სტატია მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მიერ გაჟღერებული პოზიციის დადასტურებას წარმოადგენს, რომელიც ბევრმა პრო-უკრაინულად მიიჩნია.
ტიმურ სულეიმანოვის სიტყვები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელდა დასავლურ მედიაშიც. მართლაც სულეიმანოვის ფორმულირებები კრიზისთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო იყო: "ცხადია, რუსეთი ისურვებდა, რომ ჩვენ უფრო მეტად მათ მხარეს ვიყოთ, მაგრამ ყაზახეთი პატივს ცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ არ ვაღიარეთ და არ ვაღიარებთ ყირიმსა და დონბასში შექმნილი მდგომარეობა, იმიტომ, რომ მას ცნობს გაერო",- თქვა სულეიმანოვმა.
ტოკაევის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ასევე, აღნიშნა, რომ თუ კი რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ, ყაზახეთში ამ მოვლენებს ომს უწოდებენ.
არაერთი კომენტატორის აზრით, სწორედ სულეიმანოვის განცხადება გახდა ვლადიმირ პუტინის და კასიმ-ჟომარტ ტოკაევის დაუგეგმავი სატელეფონო საუბრის მიზეზიც. საყურადღებოა, რომ სიტყვა ომს იყენებს თავის სტატიაში პრეზიდენტი ტოკაევიც.
სტატიის დასკვნით ნაწილში ყაზახეთის პრეზიდენტი დემოკრატიულ რეფორმებს აანონსებს - მათ შორის ტოკაევის თქმით, უახლოს მომავალში განხორციელდება ქვეყნის დეცენტრალიზაციის ამბიციური პროექტი, შემცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები და გაიზრდება პარლამენტის ფუნქციები.
ტოკაევი ასევე საუბრობს ძალაუფლების დაბალანსებისა და შეკავების მექანიზმების აუცილებლობაზე, სიკეთეების უფრო სამართლიან რედისტრიბუციაზე და სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებზე.
გარდა ამისა ყაზახეთის პრეზიდენტი დაუნდობელ ბრძოლას აანონსებს ნეპოტიზმთან, კლანურ კულტურასა და კორუფციასთან, რაც ცენტრალურ-აზიური სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაა. ტოკაევის თქმით მომდევნო წლებში განხორციელდება სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმაც:
"ჩვენ ვირჩევთ აჩქარებას და არა უძრაობას [застой], ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის".
ტოკაევის სტატია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტაბებზე საუბრით სრულდება:
"ჩვენ გვსურს გავამყაროთ ჩვენი 30-წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა ევროპასა და აშშ-სთან."