დესანტისი: ყველას ინტერესშია ცეცხლის შეწყვეტა ვცადოთ
ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა სამშაბათს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას. ამის შესახებ მან იაპონურ Nikkei Asia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ყველას ინტერესშია შევეცადოთ მივაღწიოთ იქამდე, სადაც ცეცხლის შეწყვეტა შეგვეძლება", - თქვა დესანტისმა.
"თქვენ არ გინდათ მოხვდეთ ვერდენის [ბრძოლის] სიტუაციაში, სადაც უბრალოდ გაქვთ მასობრივი მსხვერპლი, მასობრივი ხარჯები და ჩიხში აღმოჩნდებით," - აღნიშნა მან. გუბერნატორს მხედველობაში აქვს პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა, რომელშიც დაახლოებით 700 000 ადამიანი დაიღუპა.
წარსულში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს მხოლოდ ძალების გადაჯგუფების საშუალებას მისცემს და ომს უფრო დიდხანს გააჭიანურებს.
გასულ თვეში, დესანტისმა, რომელიც ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, მკვეთრი კრიტიკა მიიღო, როდესაც უკრაინაში ომს "ტერიტორიული დავა" უწოდა და თქვა, რომ ომში "შემდგომი ჩართულობა" აშშ-ის "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების" ნაწილი არ არის.
მოგვიანებით, დესანტისმა განმარტა თავისი საკამათო განცხადებები უკრაინის მხარდაჭერის მიზანშეწონილობის შესახებ და რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
ფლორიდის გუბერნატორი რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად მოიაზრება.