დონალდ ტრამპი დააკავეს - CNN
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 აპრილს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მივიდა, სადაც ის დააკავეს. ამის შესახებ CNN წერს.
ტრამპი ოფიციალურად გახდება აშშ-ის პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტი ისტორიაში, რომელსაც ბრალს სისხლის სამართლის დანაშაულზე წაუყენებენ.
სავარაუდოდ, მალე ყოფილი პრეზიდენტის თითის ანაბეჭდს აიღებენ, რის შემდეგაც მას სასამართლო დარბაზში გადაიყვანენ. როგორც CNN-მა აღნიშნა, ტრამპს ხელბორკილები არ დაედება, რადგან ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დაცვის ქვეშ დარჩება.
დიდი ალბათობით, სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, ტრამპი განთავისუფლდება.
CNN-ის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ახლო წრე შეშფოთებულია, რომ დღევანდელი ბრალდება შეიძლება მხოლოდ "პირველი იყოს ბრალდებების სერიიდან."
კონტექსტი
30 მარტს, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საბრალდებო დასკვნა წარადგინეს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეში დონალდ ტრამპის მონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ "დუმილის სანაცვლოდ" ფული მისცეს. ყოფილმა პრეზიდენტმა თავად ნაფიც მსაჯულთა განაჩენს "პოლიტიკური დევნა" უწოდა.
ტრამპის ადვოკატმა ლინა ჰუბამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა მისი სასამართლო პროცესის სამართლიანობის.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ერთ-ერთი ფავორიტია, განაცხადა, რომ "სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იარაღად გადაქცევა, კანონის უზენაესობას თავდაყირა აყენებს."