დონალდ ტრამპმა თავისი საკომუნიკაციო საიტი აამუშავა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან საკომუნიკაციოდ თავისი ონლაინ პლატფორმა აამუშავა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მისი ანგარიში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს, მათ შორის Twitter-მაც, რომელიც ტრამპისთვის ძირითადი საკომუნიკაციო პლატფორმა იყო. 

ონლაინ პლატფორმის სახელწოდებაა From the desk of Donald J. Trump [დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან] ვებგვერდის მისამართია donaldjtrump.com. 

ტრამპს შესაძლებლობა ექნება თავის პლატფორმაზე გამოაქვეყნოს გამოსვლები, ფოტოები და ვიდეოები შეხვედრებიდან, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს შეეძლებათ ამ ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში. ამასთანავე, Fox News-ის ინფორმაციით, პლატფორმის მომხმარებლებს არ ექნებათ დაკომენტარების შესაძლებლობა. "ეს ცალმხრივი კომუნიკაციის ფორმაა"- ამბობს ტელეარხის წყარო. 

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ონლაინ-პლატფორმა კომპანია Campaign Nucleus-ის ციფრულ ბაზაზეა დაფუძნებული, რომელიც პოლიტიკური კამპანიების და ორგანიზაციების სამართავადაა შექმნილი. Campaign Nucleus-ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა მრეჩეველმა, ბრედ პარსკეილმა დააფუძნა. 

ტრამპის ყოფილმა მრჩეველის, ჯეისონ მილერის თქმით, პლატფორმა არ იქნება სოციალური ქსელი, ვებგვერდზე განთავსდება ტრამპის ბოლო განცხადებები და ინფორმაცია მისი პრეზიდენტობის შესახებ. 

ამ დროისთვის ტრამპის პირადი საიტი მხოლოდ ერთი გვერდისგან შედგება, საიტზე არსებობს ველი, რომლითაც მომხმარებლებს ტრამპის საარჩევნო ლოზუნგიანი სხვადასხვა ატრიბუტიკის ყიდვა შეეძლებათ, ასევე, არის შემოწირულობების ველიც, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ველი არ მუშაობს. 

ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელებმა დონალდ ტრამპის ანგარიში მიმდინარე წლის 6 იანვარს, მას შემდეგ დაბლოკეს, რაც კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეტევა მიიტანეს. 

 

მსგავსი სიახლეები