დრაგი: პუტინთან საუბარში უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 26 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს აღადგინოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც დაბლოკილია რუსი დამპყრობლების მიერ შავი ზღვის პორტებში. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.
დრაგიმ თქვა, რომ ის იძულებული იყო აეღო ინიციატივა "ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმის გამო, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მსოფლიოს უღარიბეს ხალხებზე".
იტალიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ის ცდილობდა გაეგო, "შესაძლებელია თუ არა ამ უზარმაზარი მოცულობის მარცვლეულის განბლოკვა უკრაინის შავი ზღვის პორტებში". დრაგი ასევე გეგმავს ამ საკითხის განხილვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უახლოეს მომავალში.
გარდა ამისა, დრაგიმ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან საუბრისას უკრაინაში "მშვიდობის იმედი ვერ დაინახა."
"პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წარმოქმნილი სირთულეები, სხვა საკითხებთან ერთად, დაკავშირებულია წარმოების და ლოგისტიკური ჯაჭვების ფუნქციონირების შეფერხებებთან, ასევე დასავლეთის ქვეყნების ფინანსურ პოლიტიკასთან კოროვირუსის პანდემიის დროს. სიტუაცია გამწვავდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული შეზღუდვების გამო," - აღნიშნეს კრემლში. "პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულის ექსპორტით, დასავლეთის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით."