"დროა შეწყდეს საუბრები ჩემს ჩანაცვლებაზე" - ბაიდენის წერილი თანაპარტიელებს

თანაპარტიელების მიმართ გაგზავნილ წერილში ჯო ბაიდენი დემოკრატებს მოუწოდებს შეწყვიტონ მისი კანდიდატურის ჩანაცვლებაზე საუბარი, რადგანაც მას გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე დარჩეს საპრეზიდენტო რბოლაში. 

საგანგებო წერილში ბაიდენი მიუთითებს, რომ გასული 10 დღის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც პარტიის ლიდერებთან ორივე პალატაში, ასევე რიგით წევრებთან და ამომრჩევლებთან. 

"მე მესმის იმ წუხილებს რაც ადამიანებს აქვთ და მხედველობაში ვიღებ, თუმცა აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი სწორედ მე მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭს არ ვიყრიდი",- წერს ბაიდენი. 

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის თქმით, დროა პარტიაში შეწყდეს საუბრების კანდიდატურის ჩანაცვლებაზე და პროცესი ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს. 

კონტექსტი

29 ივნისს დონალდ ტრამპთან გამართული წარუმატებელი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, ჯო ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა დემოკრატიული პარტიის ხუთმა წევრმა. 

მალევე დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებსა და დონორებს შორის ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ. ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა New York Times-ის რამდენიმე კოლუმნისტმა, მათ შორის ჯო ბაიდენის მეგობარმა, ტომას ფრიდმანმა, ასევე პოლ კრუგმანმა, ფრენკ ბრუნიმ. გარდა ამისა, ცალკე გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორთა საბჭოს წერილი, რომელშიც ჟურნალისტები ბაიდენს მოუწოდებდნენ, გზა ახალგაზრდა დემოკრატისთვის დაეთმო. 

თავად ბაიდენმა, დებატების შემდგომ დღეს აღიარა, რომ არ ჰქონდა ყველაზე წარმატებული საღამო, თუმცა დასძინა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ბოლომდე დარჩება. ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწებენ ბაიდენს ოჯახის წევრებიც. 

3 ივლისს, New York Times ბაიდენის გარემოცვის ახლო წევრზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტი განიხილავს კანდიდატურის მოხსნას და მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მომდევნო დღეები იქნება.

5 ივლისს, ბრიტანული Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დემოკრატიული პარტიის დონორები ბაიდენის ჩამნაცვლებლად მიჩიგანის გუბერნატორის, გრეტჰენ უიტმერისა და მისი კალიფორნიელი კოლეგის, გევინ ნიუსომის კანდიდატურას განიხილავენ. 

თავად ბაიდენმა 6 ივლისს, ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის ტრამპის დასამარცხებლად, შეუძლია მომდევნო 4 წელი ქვეყნის მართვა და არ აპირებს საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას. 

მსგავსი სიახლეები