დუდამ ევროკავშირში უკრაინის კანდიდატურის ლობირებისთვის ევროპაში ვიზიტები დაიწყო
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა რამდენიმე ქვეყანას ეწვევა, რათა ისინი დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ 8 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
დუდა პორტუგალიასა და იტალიას უკვე ეწვია, რის შემდეგაც ბუქარესტში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
პოლონეთის პრეზიდენტი ასევე გეგმავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხის დაყენებას.
"ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ საერთაშორისო ზეწოლა, რომ ეს მოხდეს და როგორ დავძლიოთ ეს უზარმაზარი პრობლემა. ასევე ვისაუბრებთ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე", - განაცხადა დუდამ.
პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვიზიტები უკრაინის კამპანიის ნაწილია, რომელის შესახებაც პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ბრატისლავაში ბოლო შეხვედრის დროს განაცხადეს.
"ჩვენი ქვეყნები, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მხარდაჭერით, დაარწმუნებენ ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში“, - განაცხადა მან.
დუდამ წარსულში პირობა დადო, რომ "არ დამშვიდდება, სანამ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება".