დუდა რუსეთთან დიალოგზე: საჭიროა ხრახნებს ისე მოვუჭიროთ, რომ პუტინმა საუბარი მოითხოვოს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვარშავაში პოლონეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამარცხვინოა მოწოდები, რომ "რუსეთი არ უნდა დამცირდეს" და პოლონეთის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც.
დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა დაადასტუროს უკრაინის მხარდაჭერა და ევროკავშირის წევროობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთი აიძულოს საერთაშორისო სამართლის წესები შეასრულოს.
"ეს ნიშნავს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მეორე, [კიევის მიერ] კონტროლის სრულ აღდგენას უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით", - ხაზგასმით აღნიშნა დუდამ.
მან დასძინა, რომ ეს არის "პოლონეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მისწრაფება".
ამასთან, დუდას მიაჩნია, რომ რუსეთის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან მტერს სწორედ ეს მოეწონება: "ვისაც ეშინია, ის წააგებს".
მან ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის ქმედებების აგრესიულ ხასიათს, რომელიც გამოიხატა არა მხოლოდ უკრაინაში. პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას "რცხვენია იმის მოსმენა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული და სახის შენარჩუნების საშუალება უნდა მიეცეს."
პოლონეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვარშავამ უკრაიანას 1.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, მისი თქმით, პოლონეთი მუდმივად არის კონტაქტში, რათა იცოდეს უკრაინის საჭიროებები.
"ეს მოთხოვნილებები დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, ეს წუთების ან საათების საკითხია, დღეების ან კვირების ლოდინის დრო არ არის", - თქვა დუდამ.
გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა უკრაინას 750 მილიარდი დოლარის ოდენობის რეპარაცია უნდა გადაუხადოს, ხოლო ევროპამ უნდა გაზარდოს სანქციები და დაეხმაროს უკრაინას ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. დუდამ დიპლომატებს მოუწოდა დაარწმუნონ ევროპელი პოლიტიკოსები, რომ რუსების გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს.
პოლონეთის პრეზდენტმა ასევე ევროპელი ლიდერების პუტინთან საუბრებზეც გააკეთა კომენტარი. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთან კონტაქტი საჭიროა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს რუსეთის ინიციატივით მოხდება.
"საუბარია არა იმაზე, რომ პუტინს არ ვესაუბროთ, საუბარია იმაზე, რომ პუტინს სურდეს მოლაპარაკება. ევროპელმა ლიდერებმა აგრესორს საუბარი არ უნდა სთხოვონ. საჭიროა ხრახნებს ისე მოვუჭიროთ და ისე დავეხმართო უკრაინას, რომ პუტინმა მოლაპარაკება მოითხოვოს", - აღნიშნა დუდამ.