ეკრემ იმამოღლუ სტამბოლის მერად მეორე ვადით კენჭისყრას გეგმავს

სტამბოლის მერმა ეკრემ იმამოღლუმ გამოაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის შესაძლო აკრძალვის მიუხედავად, 2024 წლის მარტის მუნიციპალურ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) მიიღებს, რომელსაც ის წარმოადგენს.

"მე ვაპირებ სტამბოლი უსამართლობისა და გარემოს განადგურებისგან დავიცვა," - თქვა იმამოღლუმ.

სტამბოლის მერმა ასევე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის საქმიანობა რიგი პრობლემების, მათ შორის ფასების ზრდის და ლტოლვილების შემოდინების გამო გააკრიტიკა.

2022 წელს სასამართლომ იმამოღლუს ორ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა, ასევე პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მიუსაჯა ხელისუფლების წარმომადგენლების სავარაუდო შეურაცხყოფისთვის. თუ ამ სასჯელს მას ყველა ინსტანციის სასამართლო მიუსჯის, ის ვერც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა სტამბოლის მერის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში იმამოღლუმ პრეზიდენტის პარტიისა და მისი წინამორბედების ისლამური კონსერვატიული ძალების 25 წლიანი მმართველობა დაასრულა თურქეთის უდიდეს ქალაქში და ფინანსურ დედაქალაქში.

მსგავსი სიახლეები