ემანუელ მაკრონი დეკემბერში აშშ-ს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ს პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. 

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

თეთრი სახლის ინფორმაციით მაკრონი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონს პირველ დეკემბერს ეწვევა. 

თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი ტრადიციული დიპლომატიის დაბრუნების ნიშანია - ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის საწყის პერიოდში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი ვიზიტების დიდი ნაწილი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ტარდებოდა. 

კარინ ჟან-პიერის ცნობით, მაკრონის ვიზიტი ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტებისთვის დამახასიათებელი დიპლომატიური პროტოკოლის სრული დაცვით ჩაივლის. 

თავის მხრივ სწორედ ემანუელ მაკრონი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია. 

მაკრონის ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - ეს იქნება პირველი ვიზიტი აშშ-სა და საფრანგეთს შორის განვითარებული დიპლომატიური სკანდალის შემდეგ, რომელიც ავსტრალიისთვის წყალქვეშა ნავების მშენებლობის შეკვეთას უკავშირდებოდა. 

თავდაპირველად 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება ავსტრალიას სწორედ საფრანგეთთან უნდა გაეფორმებინა, თუმცა საბოლოოდ შეკვეთა აშშ-ს სამხედრო-ინდუსტრიულმა კომპლექსმა მიიღო. 

 

მსგავსი სიახლეები