ერაყის პრემიერი უპილოტო საჰაერო აპარატით თავდასხმას გადაურჩა
კვირას ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზიმის რეზიდენციაზე, ბაღდადის „მწვანე ზონაში“, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.
დაშავდა პრემიერის შვიდი მცველი, ხოლო თავად ალ-ქაზიმი თავდასხმას უვნებელი გადაურჩა.
„რაკეტებით და დრონებით ლაჩრულად თავდასხმით სამშობლოს და მომავალს არ აშენებენ“, - განაცხადა ალ-ქაზიმიმ ერაყის ტელევიზიის ეთერში.
თავდასხმა საკუთარ თავზე ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ერაყის მთავრობის მეთაურის მკვლელობის მცდელობა დაგმო აშშ-მ.
„ჩვენ ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს, რომელიც ერაყის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა.
უკანასკნელ დღეებში ურთიერთობა დაიძაბა ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და პრო-ირანული ორიენტაციის შიიტ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც გასულ თვეში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
ირანის მოკავშირე პოლიტიკურმა ძალებმა პარლამენტში მანდატების ორი მესამედი დაკარგეს, ხალხის მხარდაჭერა კი ნაციონალისტ სასულიერო ლიდერს, მუკთადა ას-სადრს ერგო.