ერდოღანი: სოციალური მედია დემოკრატიისთვის საფრთხეა

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შაბათს სოციალურ მედიას "დემოკრატიისთვის საფრთხე" უწოდა:

"სოციალური მედია, რომელიც გამოჩენისთანავე თავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა, დღეს დემოკრატიისთვის მთავარ საფრთხედ გადაიქცა."

მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება ხალხის დეზინფორმაციისგან დაცვას ცდილობს.

"განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, მათი უფლებების შელახვის გარეშე, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის ხელისუფლება სოციალურ მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელების კრიმინალიზებას გეგმავს. 

თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, სოციალური მედიის რეგულატორი შეიქმნება და ამ ორგანოს გადასაწყვეტი იქნება, რა არის დეზინფორმაცია, რომლის ავტორებიც 5 წლამდე პატიმრობით დაისჯებიან.

თურქეთში სოციალური მედია ოპოზიციისთვის მთავარი პლატფორმაა, რადგან ტელევიზიებისა და ბეჭდური მედიის უდიდეს უმრავლესობას ხელისუფლება აკონტროლებს.

თურქეთის ხელისუფლება ინტერნეტ სივრცეში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პოსტებს უკვე დიდი ხანია ბლოკავს.

 

მსგავსი სიახლეები