ერდოღანი თავად ეწვევა პუტინს, რომლის ვიზიტსაც ანკარაში ელოდნენ - Yeni Şafak
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთში ჩასვლას გეგმავს, რათა ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის შეთანხმების განსახილველად შეხვდეს. შეხვედრა თავდაპირველად ანკარაში უნდა გამართულიყო.
ამ ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Şafak ავრცელებს.
გამოცემა, ერდოღანის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტი მზადდება და რუსეთთან მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე შეთანხმებას "კრიტიკული მნიშვნელობა აქვს."
თანამოსაუბრეების თქმით, ანკარა იცავს პოზიციას, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მარცვლეულის საზღვაო ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის შექმნა არ არის კარგი იდეა.
რუსეთში ერდოღანის ვიზიტის შესაძლო თარიღები უცნობია.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერდოღანის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი კილიჩი უკრაინაში მიემგზავრება, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ასევე ეწვევა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ანკარაში პირადად ჩავიდეს. ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევარში იყო მოსალოდნელი, თვის შუა რიცხვებში გავრცელდა არაოფიციალური ჭორები იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა "უახლოეს დღეებში" შედგეს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერდოღანი შესაძლოა პუტინის წარმომადგენელს, თათარსტანის პრეზიდენტს რუსლან მინიხანოვს შეხვდეს. მათი შეხვედრის მთავარი საკითხი მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის დაბრუნება უნდა ყოფილიყო.