ერდოღანის მთავარ ოპონენტს პრო-ქურთული პარტია მხარს უჭერს
ქურთებისა და მემარცხენეების ალიანსმა, მათ შორის პრო-ქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ (HDP), პარასკევს თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ოპონენტს მისცენ. ამის შესახებ POLITICO წერს.
ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ფართო კოალიცია უჭერს მხარს.
"თურქული პოლიტიკის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, ჩვენ გავერთიანდით, რათა შევასრულოთ ჩვენი ისტორიული მოვალეობა, როგორც ჩვენი ტრადიციის ნაწილი, ასევე ჩვენი ვალი მომავალი თაობების წინაშე, 14 მაისის ისტორიული არჩევნების წინ", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. "ამ კონტექსტში საზოგადოებას ვუზიარებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქემალ ქილიჩდაროღლუს საპრეზიდენტო არჩევნებში."
ქურთი მოსახლეობის ხმა, რომელიც თურქეთის 85-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედია, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავლენ, სადაც მათი მხარდაჭერა თითქმის თანაბარია (მცირე უპირატესობა აქვს ქილიჩდაღოღლუს).
ქემალ ქილიჩდაროღლუ 74 წლის ყოფილი ბიუროკრატია, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას (CHP).
თურქეთის ორნიშნა ინფლაციამ და თებერვალში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაზე მთავრობის პასუხის მზარდმა კრიტიკამ, ქვეყანაში ოპოზიციის მხარდაჭერა მკვეთრად გაზარდა და ერდოღანის დამარცხების რეალური შანსი გააჩინა.