ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას შემოდგომამდე განიხილავს

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას საშემოდგომო სესიაზე მოახდენს.

ამის შესახებ 12 ივლისს, ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის საკითხი თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება.

მან აღნიშნა, რომ სამიტის წინა დღეს იგი სამმხრივ ფორმატში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და შვედეთის პრემიერ ულფ კრისტერსონს შეხვდა.

პრეზიდენტის თქმით, ამ შეხვედრაზე შეაფასეს თურქეთის მოლოდინები, ასევე სამმხრივ მემორანდუმში დაფიქსირებული საკითხები.

"ერთობლივ განცხადებაში ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით," - თქვა ერდოღანმა. "შვედეთი წარადგენს საგზაო რუკას, რომელშიც შედის სამმხრივ მემორანდუმში დაფიქსირებული საკითხების განხორციელება, კერძოდ, ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, შვედეთი აქტიურად დაუჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს... შვედეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნაში, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში."

თურქულმა მედიამ 11 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე მოახდენს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას.

მსგავსი სიახლეები