ერდოღანმა შავ ზღვაში "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის განახლებაზე განაცხადა
2 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის განახლების შესახებ განაცხადა, რომელიც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტს უზრუნველყოფს. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე ისაუბრა, იტყობინება Anadolu და Bloomberg.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი ესაუბრა. მისი თქმით, შოიგუმ აკარს განუცხადა, რომ დღეს, 2 ნოემბერს, 12:00 საათიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების "მარცვლეულის დერეფნის" გავლით ტრანსპორტირება განახლდება.
"ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თურქ კოლეგებთან ["მარცვლეულის დერეფნის" გახსნის] პირობა დადო", - წერს Bloomerg.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, 1 ნოემბერს მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "მარცვლეულის შეთანხმების" შესახებ მოლაპარაკება გამართა, დღეს კი, 2 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც განიხილავს ვითარებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა სევასტოპოლში აფეთქებების შემდეგ შეჩერებულ "მარცვლეულის შეთანხმებას" უბრუნდება.