ერევანი: მზად ვართ გავხსნათ საზღვარი და აღვადგინოთ ურთიერთობები თურქეთთან

სომხეთი მზად არის გასხნას საზღვარი და აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან. 

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ესტონეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"სომხეთი მზად არის თურქეთთან ურთიერთობების სრულად დარეგულირებისთვის, მათ შორის საზღვრების გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად",- განაცხადა მირზოიანმა. 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყნებს შორის უკვე არსებობს "ურთიერთობების ეტაპობრივი დარეგულირების" შეთანხმება და დრო მოვიდა ამ მოლაპარაკებების რეალიზაციის. 

კონტექსტი 

20 ივნისს სომხეთის პრემიერის კანცელარია რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ნიკოლ ფაშიანინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით წერდა, რომ 2 ქვეყანა მზად არის ურთიერთობების დარეგულირებისთვის. პრეს-რელიზში ხაზგასხმული იყო, რომ დარეგულირების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყებოდა. 

უკვე მრავალი თვეა სომხეთის ლიდერი მეზობლებთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. თურქეთთან ნორმალიზაციის სურვილით, ნიკოლ ფაშინიანი გასულ წელს ანკარაში ერდოღანის მორიგი ვადით ინაუგურაციასაც დაესწრო. 

პარალელურად გრძელდება ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი აზერბაიჯანთანაც, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია როდის შედგება ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმება. 

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა პრაქტიკულად აღიარა აზერბაიჯანი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანი ფაშინიანისგან 4 სოფლის გადაცემას ითხოვდა, რომელიც სომხურმა დანაყოფმა 1990-იან წლებში პირველი ომის დროს დაიკავეს. 

სომხეთის პრემიერი დათანხმდა აღნიშნული დასახლებული პუნქტების გადაცემას, თუმცა სწორედ ეს გახდა დედაქალაქში ახალი საპროტესტო აქციების მიზეზი, რომლის ლიდერიც ტავუშის ეპისკოპოსი ბაგრატი გალსტანიანია.

მსგავსი სიახლეები