ესპანელი ფერმერები მადრიდის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ
მადრიდის ცენტრში ესპანელები ფერმერები ტრაქტორებით გამოყენებით საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს ბანერებზე შემდეგი წარწერებია გამოსახული: „არ არსებობს ცხოვრება ფერმერობის გარეშე!“, „ფერმერები გადაშენების პირას არიან!“.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფერმერები ევროპის მასშტაბით გამოსულ კოლეგებს თებერვლის დასაწყისში შეუერთდნენ და ისინი ევროპის კავსირის გარემოსდაცვით პოლიტიკას, გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ შემოსავალს აპროტესტებენ. დემონსტრანტების თქმით, რეგულაციები, რომლებიც EU-ს საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილია, მათთვის მოგების მიღების შესაძლებლობას ამცირებს.
კონტექსტი
2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.
მაგალითისთვის, ლიეტუველი, პოლონელი, იტალიელი, ფრანგი, ბელგიელი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერების უკმაყოფილებას ევროპის კავშირის რეგულაციები და იაფი იმპორტი იწვევს, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის - გაზრდილი წარმოების ხარჯები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით გათვალისწინებული გადასახადები.
ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.