ესტონეთი ამკაცრებს ჯარიმებს სკოლებისთვის, სადაც მასწავლებლებმა ესტონური ენა არ იციან
აგვისტოდან ესტონეთი გაზრდის ფინანსურ სანქციებს იმ სკოლებისთვის, სადაც მასწავლებლები არ ფლობენ სახელმწიფო ენას და გააძლიერებს შესაბამის შემოწმებებს.
ამ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.
2023 წლის 1 აგვისტოდან ჯარიმები სკოლებისთვის, სადაც მასწავლებლები არ ფლობენ ესტონურ ენას, 15-ჯერ გაიზრდება და რეგულარული დარღვევების შემთხვევაში 9600 ევროს მიაღწევს, აქამდე არსებული მაქსიმალური 640 ევროს ნაცვლად.
გარდა ამისა, ენის დეპარტამენტი დაიწყებს მასწავლებლების ენობრივი უნარების გამოცდას მათ გაკვეთილებზე დასწრებით.
"კანონმა უნდა იმუშაოს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ფიზიკური პირებისთვის გამოცხადებული ინსტრუქციები არ მუშაობდა. და ეს ახალი ჯარიმა ეხება იურიდიულ პირებს,"- თქვა ინგარ დუბოლაზოვმა, განათლების სამინისტროს ესტონურ ენაზე გადასვლის კოორდინატორმა.
ესტონეთის ყველაზე რუსულენოვანი ქალაქის, ნარვას მერმა, კატრი რაიკმა, ახალ ჯარიმებს "კარგი სიგნალი" უწოდა იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ესმით ესტონურად განათლების მნიშვნელობა.
ესტონეთის ენის დეპარტამენტის შეფასებით, ქვეყანაში 2500-მდე მასწავლებელს აქვს ესტონური ენის არასაკმარისი ცოდნა.