ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) მიიღო განცხადება, რომელშიც დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობები და რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს ERR იტყობინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს აგრესიის და ყალბი რეფერენდუმების შედეგად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

"კანონის დარღვევა არასოდეს შექმნის უფლებას. პუტინის რეჟიმმა, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპაში და მთელ მსოფლიოში", - განაცხადეს დეპუტატებმა.

პარლამენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოსავლენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალზე.

"ესტონეთის პარლამენტი რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აცხადებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეს მსოფლიო. რიიგიკოგუ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს მსგავსი დეკლარაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

თავის განცხადებაში, რიიგიკოგუ ასევე გმობს რუსეთის რეჟიმის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას და განხორციელებას, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაერთიანდნენ დამატებითი ეკონომიკური და პერსონალური სანქციების განხორციელებაში.

მსგავსი სიახლეები