ესტონეთის პრემიერი უკრაინაში ომის მიზეზებზე: კომუნიზმის დანაშაულების დაუსჯელობა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომუნისტური რეჟიმის დანაშაულების დაუსჯელობაა. ამის შესახებ მან 6 აგვისტოს შვეიცარიაში პოლიტიკური კულტურის ევროპული პრიზის მიღების ცერემონიაზე განაცხადა, იტყობინება ERR.

შვეიცარიული ჰანს რინგიერის ფონდის დაჯილდოვებაზე კალასს გადაეცა პრიზი "მისი პოლიტიკური გამბედაობისთვის რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებაში და მისი გავლენიანი როლისთვის დასავლეთის ქვეყნების ძლიერი პასუხის უზრუნველყოფაში".

თავის სამადლობელ სიტყვაში კალასმა აღნიშნა, რომ ესტონეთმა საბჭოთა ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ ისარგებლა "შესაძლებლობის მცირე ფანჯრით", რათა თავისი ადგილი დემოკრატიულ სამყაროში დაებრუნებინა.

"დღეს თავისუფალ სამყაროს აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ვნახეთ უზარმაზარი ცვლილებები დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში. მაგრამ ეს ცვლილებები მხოლოდ დასაწყისია და ისინი უნდა იყოს მდგრადი. აგრესორი არ შეცვლილა და მას ისევ აქვს თავისი კრიმინალური მიზნები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერც ერთი ნაბიჯით ვერ დავიხევთ უკან. პირიქით, წინ უნდა ვიაროთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინოთ ჩვენს პოლიტიკაში", - განაცხადა პრემიერმა.

კალასის თქმით, "კომუნისტური რეჟიმის დანაშაულების დაუსჯელობა" არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მსოფლიო კიდევ ერთხელ დადგა დამანგრეველი ომისა და გენოციდის წინაშე ევროპულ მიწაზე.

ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი დაუსჯელობის იმედი აქვს.

"ამიტომ, ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და მასობრივი დანაშაულების უკან დგას", - აღნიშნა კალასმა.

მან დასძინა, რომ ომის დანაშაულების გამოძიების გარდა, უნდა შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც აგრესიისთვის კრემლს პასუხს აგებინებს.

 

მსგავსი სიახლეები