ესტონელები უკრაინაში ორ საველე საავადმყოფოს ააშენებენ

ესტონეთის თავდაცვის ძალები, უკრაინელებს, ორ საველე საავადმყოფოს აუშენებს, რათა უკრაინელების სამედიცინო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 

ინფორმაციას, ახალი შეთანხმების შესახებ, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აქვე ხაზგასასმელია, რომ პროექტის დამფინანსებლები ნორვეგიისა და ნიდერლანდების მთავრობები იქნებიან. 

სამი ქვეყნის წარმომადგენელმა, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის ფარგლებშიც, ასევე დაგეგმილია, ესტონელი მედიკოსების მიერ, უკრაინელი კოლეგების გადამზადება და მათთვის, გამოცდილებისა და თანამედროვე ცოდნის გაზიარება. 

"ჩვენი მიზნები იგივეა, ამ ომში, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს"- განაცხადა ჰანო პევკურმა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.  

ანალოგიური პოზიცია აქვს ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს, რომლის აზრითაც, ზამთრის დადგომასთან ერთად, საერთაშორისო სამხედრო მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც რუსები სამოქალაქო ობიექტებზე შეტევებს ახორციელებენ. 

საველე საავადმყოფოების მნიშვნელობაზე, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ინფრასტრუქტურის არსებობა. 

"უკრაინის მთავრობამ, ესტონელ კოლეგებს თხოვა, რომ ამ ტიპის ინფრასტრუქტურა მიეწოდებინათ და მიხარია, რომ ნორვეგიის მთავრობა, ესტონეთის მიერ გასაგზავნი საველე ჰოსპიტლების მესამედს დააფინანსებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მიწოდებაში, დასავლური ქვეყნები კონსოლიდირებულნი არიან" - აღნიშნა ბიორნ გრამმა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 7.8 მილიონია, საიდანაც თანხის ყველაზე დიდ ნაწილს - 4.3 მილიონ ევროს ნორვეგიის მთავრობა, ხოლო - 3.5 მილიონს ნიდერლანდების მთავრობა დაფარავს. 

 

მსგავსი სიახლეები