ესტონეთმა დასავლეთს რუსული ნავთობის ფასის მაქსიმუმის შემცირება მოსთხოვა

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მისცენ, ასევე შეამცირონ რუსული ნავთობის ფასის ზღვარი. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა 12 იანვარს განაცხადა. მის განცხადებას ესტონეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კალასის თქმით, უკრაინას უფრო ინტენსიური სამხედრო დახმარება სჭირდება. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, კიევს იარაღის არსებული მარაგის ნაწილი გადასცენ.

"უკრაინაში ომის დასრულებამდე შორია. რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა: უკრაინის განადგურება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უზრუნველვყოთ გამარჯვება მისი პირობებით. შეხედეთ თქვენს მარაგებს და რეზერვებს და გაგზავნეთ იარაღი უკრაინაში. ეს არის მშვიდობის გზა", - განაცხადა კალასმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ესტონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე შემოღებულ ფასების შეზღუდვას მსოფლიო ბაზარზე ფასების უეცარი და მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია. კალასი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნავთობის ფასის ჭერის შემცირება, რათა "რუსეთის ფედერაციისთვის აგრესიის ფასი გაიზარდოს."

"დღეს ნავთობის ფასი შემცირდა. როდესაც ჩვენ გადავხედავთ დეკემბერში შეთანხმებულ ფასის ზღვარს, უნდა გავაგრძელოთ მისი შემცირება, რათა რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობა წავართვათ." - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები