ესტონეთში ახალი სამთავრობო კოალიცია 10 აპრილს შეიქმნება

ესტონეთის "რეფორმების" პარტიის წარმომადგენელმა კოალიციურ მოლაპარაკებებზე, მარტ ვირკლაევმა განაცხადა, რომ კოალიციური შეთანხმების ხელმოწერის კონკრეტული თარიღი შეთანხმებული არ არის. ამასთან, მომავალ კოალიციაში შემავალი პარტიების სხვა წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შეთანხმება შესაძლოა 10 აპრილს გაფორმდეს.

მარტ ვირკლაევმა ERR-ს განუცხადა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება მომავალ კვირას ან მომდევნო კვირის დასაწყისში ჩატარდეს.

"მიზანი ის არის, რომ როდესაც რიიგიკოგუ [პარლამენტი - რედ] შეიკრიბება, ჩვენ გვექნება შეთანხმება, სულ მცირე, ვინ იქნება რიიგიკოგუს თავმჯდომარე", - თქვა ვირკლაევმა.

ესტონეთის საარჩევნო კომისიას ჯერ რიიგიკოგუს არჩევნების შედეგები ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რადგან უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებს.

სასამართლო დავების დასრულების შემდეგ, საარჩევნო კომისია შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს და პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება.

5 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის, კაია კალასის "რეფორმების პარტიამ" გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ევროსკეპტიკური "კონსერვატიული სახალხო პარტია" (EKRE) გავიდა 15.9%-ით. მესამე ადგილი კი ხმების 13.5%-ით ლიბერალურმა პარტია "ესტონეთი 200"-მა მოიპოვა.

სავარაუდოდ, სამთავრობო კოალიციას პირველ და მესამე ადგილზე გასული პროდასავლური, ლიბერალური პარტიები შექმნიან.

მსგავსი სიახლეები