ესტონეთში სამპარტიული, 13 მინისტრისგან შემდგარი მთავრობა დამტკიცდა
ესტონეთის პარლამენტმა, რიიგიკოგუმ, ორშაბათს ახალი სამთავრობო კოალიცია დაამტკიცა.
კოალიცია სამი პარტიისგან შედგება. მასში შედის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის რეფორმების პარტია, პარტია ესტონეთი 200 და სოციალ-დემოკრატები.
ესტონეთის ახალი მთავრობა სულ 13 მინისტრისგან იქნება შემდგარი.
პარლამენტში დამტკიცებამდე ახალი მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა თავის სასახლეში წარადგინა.
პრეზიდენტმა მთავრობას ურჩია, ყველა ახალი ზომის დამტკიცებამდე ყურადღებით გაეცნონ მოსალოდნელი შედეგების ანალიზს.
"უნდა ჩატარდეს მოსალოდნელი შედეგების ანალიზი. ამის გარეშე, ვერ გაამართლებ დღგ-ს შეღავათების გაუქმებას, ავტომობილებზე გადასახადების გაზრდას და მუნიციპალიტეტების საგადასახადო ავტონომიას", - განაცხადა პრეზიდენტმა ახალი მთავრობის მთავარ დაპირებებზე საუბრისას.
კაია კალასის თქმით კი კოალიციური შეთანხმება კომპრომისების შედეგია.
"დიდი სიამოვნებით მივიღებდით მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც პოპულარული იქნებოდა, თუმცა ესტონეთი რომ წინ წავიდეს, რთული გადაწყვეტილებების მიღებაცაა საჭირო", - თქვა არჩევნებში გამარჯვებულმა პრემიერ-მინისტრმა.