ეუთოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთი ორგანიზაციიდან არ უნდა გაირიცხოს

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი მიიჩნევს, რომ რუსეთი ორგანიზაციიდან ჯერ არ უნდა გამოირიცხოს. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

"პირველ რიგში, ცხადია, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მოსკოვი არის აგრესორი ამ ომში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფო სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ძალადობის აკრძალვა, დაირღვა", - განაცხადა მან.

შმიდის თქმით, ევროპის საბჭოსგან განსხვავებით, ეუთოს არ გააჩნია წევრობის შეჩერების მექანიზმი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის გარიცხვის მიზნით.

"დიპლომატიური არხების გახსნა არ ნიშნავს, რომ ყველა თანხმდება. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, აზრი აქვს, რომ რუსეთი დარჩეს ეუთოს წევრად. მუდმივმოქმედი საბჭო ყოველ ხუთშაბათს იკრიბება ეუთოს 57 ელჩის დონეზე ვენაში. 2022 წელს პოლონეთი ეუთოს თავმჯდომარეობდა და ყოველ სესიაზე დღის წესრიგში აყენებდა რუსეთის აგრესიული ომის საკითხს უკრაინის წინააღმდეგ. "Business as usual" არ ყოფილა. მაგიდასთან ჯდომა არ ნიშნავს დიპლომატიური სიმპათიების გაცვლას. პირიქით, უკვე 3 მარტს, ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაააქტიურა ეუთოს მექანიზმი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად. ერთ დღეს ისევ დაგვჭირდება კომუნიკაციის არხები და ეუთო არის ერთადერთი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც ყველა, ვინც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ერთ მაგიდასთან ზის", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები