ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას აფართოებს
სამხრეთის გაზის სატრანსპორტო დერეფნის გავლით ევროკავშირისთვის ბუნებრივი არის მიწოდება 40%-ზე მეტით გაიზარდა - 8.1 მილიარდი კუბური მეტრიდან 2021 წელს, 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2022 წელს. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირში გაზის იმპორტის დივერსიფიკაციასა და სტაბილიზაციაში, რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.
ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა 3 თებერვალს, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
სიმსონმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის სატრანსპორტო დერეფანი კვლავაც იქნება ევროკავშირისთვის მილსადენის გაზის ერთ-ერთი სტაბილური და კონკურენტუნარიანი წყარო. მან კასპიის რეგიონის სხვა სახელმწიფოებსაც შესთავაზა, გამოიყენონ ეს ეკონომიკური შესაძლებლობა და "გაერთიანდნენ აზერბაიჯანთან ახალ ბაზრებზე გასასვლელად", რადგან გაზი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან როლს მომდევნო ათწლეულებშიც ითამაშებს.
"როგორც კარგად იცით, ევროკავშირი მუშაობს ენერგიის მოხმარების შეზღუდვისა და განახლებადი წყაროების გამოყენების გაზრდაზე. მაგრამ, რადგან ჩვენ გაზის ყოფილ მთავარ მომწოდებელთან დაშორების პროცესში ვართ, ევროკავშირს გაზის დიდი მოცულობის ჩანაცვლება სჭირდება, რაც ნიშნას, რომ სანდო მიმწოდებლებისგან გაზის მოთხოვნა გაიზრდება", - განმარტა ევროკომისარმა.
ევროკავშირი აზერბაიჯანს მწვანე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარება
ევროკომისარმა თქვა, რომ აზერბაიჯანი ასევე შეიძლება განახლებადი წყაროებიდან ევროკავშირში წყალბადის და ენერგიის ექსპორტიორი გახდეს. მან ქარის ენერგიის გამოუყენებელ პოტენციალზეც ისაუბრა. ბრიუსელი მხარს უჭერს აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების განთავსებას EU4Energy პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ის ბაქოს ტექნოლოგიებს და კერძო ინვესტიციებს აწვდის.
კადრი სიმსონმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება აზერბაიჯანში, ენერგიის ეფექტური მოხმარება და მეთანის ემისიების მართვა ქვეყანას საშუალებას მისცემს ნაკლები ბუნებრივი აირი მოიხმაროს შიდა ბაზარზე და ამით გაზარდოს ექსპორტის მოცულობა, მათ შორის ევროკავშირში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად ევროკომისარმა სამხრეთის გაზის სატრანსპორტის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მწვანე ენერგეტიკის ახალი მიმართულება გახსნა.
სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრე 2027 წლისთვის გაორმაგდება
2022 წლის ივლისში ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ბრიუსელმა ბაქოს უწოდა "ძირითადი პარტნიორი რუსული წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად გაუქმების მცდელობებში."
ამ პარტნიორობის ერთ-ერთი მიზანი სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაორმაგებაა, რათა 2027 წლისთვის ევროკავშირმა მისი მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე გამოთქვა რწმენა, რომ ეს მიზანი მიღწევადია.
სამხრეთის გაზის დერეფანი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას კასპიის აუზიდან ევროკავშირში გაზის შეტანისთვის, რაც მიზნად რუსული გაზის ჩანაცვლებას ისახავს.
სამხრეთის გაზის დერეფანის ექსპლუატაციაში 2020 წლის ბოლოს შევიდა. 2021 წელს მისი მეშვეობით მიღებული გაზის წილი ევროკავშირის ბაზარზე 2.4% იყო, 2022 წელს კი - 3.4%. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ევროკავშირში შესული აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი არ იქნება, რაც არ არის 2022 წელზე ბევრად მეტი.