ევროკავშირი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
ევროკავშირი რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის მიზეზი ბალტიის ზღვაში ხომალდის მიერ კიდევ ერთი კაბელის დაზიანებაა.
"საეჭვო ხომალდი არის რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილი, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და გარემოს და ამავდროულად, აფინანსებს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს. ჩვენ შემოგთავაზებთ შემდგომ ზომებს, მათ შორის სანქციებს ამ ფლოტის წინააღდეგ." - ნათქვამია ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კოორდინაციაში არიან ფინეთის ხელისუფლებასთან წყალქვეშა კაბელების დაცვის გასაძლიერებლად, "ინფორმაციის გაუმჯობესებული გაცვლის, ახალი აღმოჩენის ტექნოლოგიების და წყალქვეშა შეკეთების ჩათვლით."
"ჩვენ ვმუშაობთ ფინეთის ხელისუფლებასთან მიმდინარე გამოძიებაზე. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფინეთს, ესტონეთსა და გერმანიას," - განაცხადეს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესრელიზში.
რუსული "ჩრდილოვანი ფლოტი" არის უცხოური დროშებით მცურავი ძველი, ხშირად დაუზღვეველი ტანკერები, რომლებსაც რუსეთი ნავთობის ემბარგოსთვის გვერდის ასავლელად იყენებს.
ფინეთსა და ესტონეთს შორის სამი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების გამო, ფინეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ "სერიოზული დივერსია" მოხდა. საეჭვო ნავთობის ტანკერი Eagle S კუკის კუნძულების დროშით მიცურავდა რუსეთის ერთ-ერთი პორტიდან.
გამომძიებლები გიქრობენ, რომ გემი ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის "ჩრდილოვან ფლოტს."
ფინეთის პოლიციამ და მესაზღვრეებმა იმავე დღეს დააკავეს Eagle S, კაბელების დაზიანებაში მონაწილეობის ბრალდებით. გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეებმა "გემზე კონტროლი დაამყარეს," რათა ის ფინეთის ტერიტორიულ წყლებში შეიყვანონ.
Insider-მა შეისწავლა MarineTraffic-ის მონაცემები, რომელმაც აჩვენა, რომ Eagle S-მა 25%-ით შეამცირა სიჩქარე კაბელის დაზიანებამდე და შემდეგ თითქმის მთლიანად გაჩერებული იყო კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მანევრების სერიის შესრულების შემდეგ ტანკერმა სიჩქარე გაზარდა და განაგრძო გზა.