ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა
ევროკავშირის წევრი ქვეყნები 15 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას სააგენტო AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამის შესახებ Twitter-ზე "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმაც დაწერა.
"თეთრი კვამლი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი შეთანხმებულია! წერილობითი პროცედურა ხვალ შუადღემდეა", - განაცხადა მან.
იოზვიაკის თქმით, პაკეტში სანქციები შემსუბუქდა, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაგრამ ეს ისე გაწერეს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, თავისი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს.
ევროკომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტი 7 დეკემბერს წარადგინა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს რუსეთის სამთო ინდუსტრიაში ინვესტიციებზე, ასევე უამრავ ახალ სანქციას კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე.
Financial Times-ის ცნობით, ახალი სანქციები მოიცავს ექსპორტის კონტროლს ძირითად ქიმიკატებზე, ნერვულ აგენტებზე, ელექტრონიკასა და IT კომპონენტებზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ რუსმა სამხედროებმა. ევროკავშირი ასევე აპირებს რუსეთში დრონების ძრავების ექსპორტის აკრძალვას.