ევროკავშირის 12 სახელმწიფო გაზის ფასის ლიმიტის შემცირებას ითხოვს
ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ჯგუფმა მოითხოვა გაზის ფასზე ლიმიტის მნიშვნელოვანი შემცირება, რათა შერბილდეს ენერგეტიკული კრიზისის გავლენა ევროპელ მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ამის შესახებ 10 დეკემბერს, Bloomberg-მა და Reuters-მა დაწერეს.
სააგენტოების ცნობით, ამ ქვეყნებში შედის ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია.
მათ შესაბამისი წინადადება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე წამოაყენეს, რომლებიც ამ საკითხზე უნდა შეთანხმდნენ.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, კოალიციას საკმარისი ხმები აქვს, რათა დაბლოკოს შეთანხმება, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
5 დეკემბერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ წარმოადგინა წინადადება ევროკავშირისთვის გაზის ღირებულების შეზღუდვის შესახებ, თუ ის 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (2321 ევრო 1000 მ³-ზე) ხუთი დღის განმავლობაში გადააჭარბებს.