ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დეტალებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე პოზიციები შეაჯერეს, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე პასუხი იქნება. ამის შესახებ 5 ოქტომბერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"მე მივესალმები სანქციების მერვე პაკეტზე წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. ჩვენ არასოდეს მივიღებთ პუტინის ყალბ რეფერენდუმებს და უკრაინის ნებისმიერ ანექსიას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ვაიძულოთ კრემლს საფასურის გადახდა", - წერს ფონ დერ ლაიენი.

Radio Free Europe / Radio Liberty რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ყველა დეტალის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის ელჩებმა დაიწყეს ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც ხვალ 10:00 საათზე დასრულდება. მან დასძინა, რომ სანქციების მერვე პაკეტი ევროპულ ჟურნალში 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

4 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. Politico-ს ცნობით, პროექტი ითვალისწინებს რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტს, რომელიც მანამდე G7-ის ქვეყნებმა დაამტკიცეს. გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამომავლო შეზღუდვის რეალურ ფასზე ან ფასის დიაპაზონზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ აშშ ვარაუდობს, რომ ეს რამდენიმე კვირაში მოხდება. ნავთობის გარდა, სანქციების პაკეტი ასევე ეხება რუსეთის ფოლადის მრეწველობას და რუსი სამხედროებისთვის ძირითად ტექნოლოგიებზე წვდომას ზღუდავს.

მსგავსი სიახლეები