ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ.
შეთანხმებას მიესალმა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მან აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი "კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის სამხედრო მანქანას" და ევროკავშირის ქვეყნები გაამკაცრებენ საექსპორტო შეზღუდვებს კომპანიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლს.
"სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი არ მისცემს რუსეთს სანქცირებული საქონლის მიღების საშუალებას," - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში იგეგმებოდა შეზღუდვების დაწესება სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით კომპანიის მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.