ევროკავშირმა უკრაინას უკვე 220 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა
ევროკავშირმა უკრაინას 220 000 საარტილერიო ჭურვი და 1 300 რაკეტა უკვე გადასცა. ეს კიევისთვის 800 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალის შეძენის პროგრამის ნაწილია. ამის შესახებ 23 მაისს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
უკრაინულმა მხარემ, თორმეტი თვის განმავლობაში, უკვე მიიღო ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი ჭურვის მეხუთედზე მეტი.
ამ მიზნით ბრიუსელმა ერთი მილიარდი ევრო გამოყო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF). თანხები გამიზნულია ევროკავშირის ქვეყნებისთვის საბრძოლო მასალის ღირებულების ნაწილობრივ ანაზღაურებაზე, რომლებმაც უკრაინას საბრძოლო მასალა საკუთარი რეზერვებიდან 2023 წლის 9 თებერვლიდან 31 მაისამდე პერიოდში გადასცეს.
EMF-დან კიდევ მილიარდი ევრო გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობლივად შეიძენენ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიიდან.
ეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროგრამის მეორე ეტაპია. შესყიდვის კონტრაქტები ან შეკვეთები 2023 წლის 30 სექტემბრამდე, ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) ან ერთობლივი შესყიდვების პროექტების მეშვეობით უნდა გაკეთდეს.
ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საარტილერიო ჭურვები და რაკეტები მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისა და ნორვეგიული კომპანიებისგან უნდა შეძენილიყო.
გეგმის მესამე ნაწილი არის ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გაზრდა მათი არმიების საჭიროებებისთვის და უკრაინისთვის შემდგომი მიწოდებისთვის.