ევროკომისია საბრძოლო მასალის წარმოებისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიზნად ევროკავშირში წარმოების შესაძლებლობების გაზრდას და საბრძოლო მასალის, რაკეტების და მათი კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს. ამის შესახებ ევროკომისიამ 3 მაისს განაცხადა.
ევროკომისია ამ მიზნით 500 მილიონ ევროს გამოყოფს.
ეს არის ევროკავშირის გეგმის მესამე ნაწილი, რათა უკრაინას სწრაფად მიაწოდოს საბრძოლო მასალა და რაკეტები, ასევე შეავსოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარაგები.
გეგმის პირველი ნაწილი მოიცავს ევროკავშირის ქვეყნების რეზერვებიდან უკვე ხელმისაწვდომი საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ უკრაინისთვის მიწოდებას, ხოლო მეორე ნაწილი ერთობლივ შესყიდვებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის და ევროპის ქვეყნების არმიების რეზერვების შესავსებად.
ევროკომისიამ პირველი ორი ეტაპისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.
"ევროპაში მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის განახლების ფონზე, ამ პროდუქტების საკმარისი რაოდენობით დროული ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.