ევროკომისიის ხელმძღვანელი: პუტინმა ენერგეტიკული ომი წააგო
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ერთი წლის თავზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეაქო ევროკავშირის ერთიანი პასუხი რუსეთის აგრესიაზე.
"ომის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ევროპის დაშანტაჟებას რუსულ გაზზე დამოკიდებულებით, მაგრამ არასწორად გათვალა. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მან წააგო ენერგეტიკული ომი, რომელიც თავად დაიწყო." - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა 15 თებერვალს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი შეეგუა სიტუაციას, მიმართა სანდო პარტნიორებს და ახლა უკვე შეუძლია პირველი წარმატებების დანახვა - ევროპაში ნავთობისა და გაზის გაყიდვით რუსეთის შემოსავალი ორი მესამედით შემცირდა, გაზის ფასი ევროკავშირში ახლა უფრო დაბალია, ვიდრე ომის დაწყებამდე და ევროპა ფსონს დებს მწვანე ენერგიასა და ენერგეტიკულ ავტონომიაზე.
"პუტინის მიერ ჩვენი შანტაჟის მცდელობა ჩავარდა", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. მისი თქმით, ის ხშირად ესაუბრებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იმის თაობაზე, თუ რა აძლევს ხალხს იმედს უკრაინაში.
"ეს არის იმედი, რომ მათი ქვეყნის, მათი შვილების მომავალი ევროკავშირშია," - განმარტა მან და ევროპარლამენტს მოუწოდა მხარი დაუჭიროს უკრაინელებს, რამდენადაც ეს საჭიროა.
ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი პირველად დაუწესებს სანქციებს ირანულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მოიცავს ვაჭრობის ახალ აკრძალვებს და ტექნოლოგიების ექსპორტზე გამკაცრებულ კონტროლს, რომელიც საჭიროა თვითმფრინავების, ვერტმფრენების და რაკეტების წარმოებისთვის.