ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებას ემხრობა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მხარს უჭერს უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებას. ამის შესახებ მან 7 იანვარს განაცხადა.
მეცოლა მიესალმა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემაზე.
მეცოლას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააგრძელოს უკრაინელების მხარდაჭერა პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის ძალები და გახდეს "ნამდვილი თავდაცვითი ალიანსი".
კონტექსტი
5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. მათი საუბრის შემდგომ თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ებს და საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის ბატარეას გადასცემს, აშშ კი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ს.