ევროპაში გაზის ექსპორტით რუსეთის შემოსავალი წელს 75%-ით შემცირდება - Reuters
გაზის დაბალმა ფასმა ევროპაში ბუნებრივი აირის გაყიდვიდან გაზპრომის შემოსავლის პროგნოზი შეამცირა.
ამის შესახებ Reuters საკუთარ გათვლებსა და ანალიტიკოსთა შეფასებებზე დაყრდნობით წერს.
"ექსპორტის შემოსავლების შემცირებამ შეიძლება გაზარდოს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ომის მძიმე ხარჯებისა და ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დასავლეთის სანქციების გამო, უკვე მაღალია.
გაზპრომის გაზის ევროპაში გაყიდვა, რაც ოდესღაც რუსეთის სავალუტო შემოსავლის მთავარი წყარო იყო, მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კრიზისის გამო შემცირდა." - წერს სააგენტო.
რუსული გაზის ევროპაში მილსადენით ექსპორტი 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 12,1 მილიარდი კუბური მეტრი იყო, მაშინ როცა 2022 წელს ექსპორტი 62 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
გაზპრომმა არ წარმოადგინა გაზის ექსპორტის პროგნოზები მიმდინარე წლისთვის და არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას.
ანალიტიკოსი რონალდ სმი ელის, რომ რუსული გაზის ფასი ევროპაში წელს საშუალოდ $445 იქნება 1000 კუბურ მეტრზე. ეს უფრო დაბალია, ვიდრე 2022 წლისთვის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწესებული $830.
მისი პროგნოზით, რუსული გაზის ექსპორტი ევროპასა და თურქეთში წელს 50 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
თუ რუსეთი შეინარჩუნებს გაზის სტაბილურ ექსპორტს თურქეთში, ის 2023 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
Reuters-ის გათვლების თანახმად, ეს შეიძლება ნიშნავს ევროპაში გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლის 2022 წლის დაახლოებით 52 მილიარდი დოლარიდან, 12.5 მილიარდ დოლარამდე შემცირებას.